30/05/2026
ნატის ჩექმები
52.
კუსუ ძლიერ გაახარა ლარას გამოჩენამ. სულ რამდენიმე თვე იყო გასული, რაც უცხოეთში სწავლას აგრძელებდა და მიუხედავად იმისა, რომ ლარას უფროსი დის სახლში, არაფერს აკლებდნენ და საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობდა თავს, საშინლად ენატრებოდა მშობლიური გარემო. ზოგჯერ ისე საშინლად შემოაწვებოდა ნოსტალგია, რომ ძლივს ფარავდა დარდს. ასე დიდი ხნით არასდროს დაშორებულა დედას. ბოლო დროს კი სასაუბროდაც ვეღარ იცლიდნენ. მაკა რატომღაც სულ დაკავებული იყო, თუმცა კუსუს არც უკვირდა, მშვენივრად იცოდა როგორი მძიმე სამუშაო გრაფიკი ჰქონდა დედას და უკვე ერთი სული ჰქონდა, სანამ ზამთრის არდადეგები დადგებოდა. თუ მაკა ვერ მოიცლიდა, როგორმე თავად აპირებდა ჩასვლას. მაკა ძალიან კარგი დედა იყო. კუსუს სითბო და მზრუნველობა არასდროს აკლდა. ყოველთვის ყველაზე საუკეთესო ტანისამოსი ეცვა და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ იყო პრეტენზიული ბიჭი, მაკა მაინც ლამის ნებისმიერ კაპრიზს უსრულებდა. ბუნებით ლაღი და დინჯი ბიჭი, საკმაოდ ჭკვიანი და მოსიყვარულე იყო. შვილის გულისთვის, მაკა უკან არაფერზე იხევდა, თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მისთვის როგორი კომფორტული აწმყო ჰქონდა, ასევე ბედნიერი მომავალიც მოეწყო. ოღონდაც ბავშვს ყელაფერი ჰქონოდა და დედა ზოგჯერ ღამეებსაც ათენებდა სამშობიარო სახლში და კუსუც აფასებდა დედის შრომას. ის კი არ იცოდა, თუ ამდენ შრომასა და ჯაფას, არანაკლები სიბოროტეც ახლდა თან, თუმცა აბა რას წარმოიდგენდა ბავშვი, რომ დედა, რომელსაც ასე აფასებდა და ასე ძლიერ უყვარდა, სინამდვილეში მრავალი საშინელებების ჩამდენი იყო. ენატრებოდა დედა და ლარას დანახვამ, თითქოს მშობლიური სურნელიც ჩამოუტანა და იმდენად გაახარა, რომ ემოციებიც ვეღარ დაფარა და მაშინვე დედა მოიკითხა.
- ნახავ შენს დედიკოს. - ღიმილით მიუგო ლარამ. - ძალიან, ძალიან მალე, სულ ერთად იქნებით.
- მართლა? - სიხარულისგან ლამის გული წაუვიდა ბიჭს, მაგრამ თავი შეიკავა, მეტი ვერაფერი ჰკითხა. სავარაუდოდ მაკა ჩავიდოდა მასთან, აბა მართლა სწავლას ხომ არ დაანებებინებდა თავს.
„და იქნებ, დედას აღარ შეუძლია სწავლის ფულის გადახდა და...“
წამით მოიწყინა ბიჭმა, თუმცა მაინც ვერაფერი ჰკითხა. ეს სრულიად უცხო ხალხი, ისედაც თავს ევლებოდა და ახლა მართლა სწავლის ფულზე, ხომ არ დაიწყებდა წუწუნს.
ლარა ცდილობდა, როგორც კი ბიჭს თავისუფალი დრო ექნებოდა, მასთან ერთად გაეტარებინა და ნელ-ნელა ყველაფერი მოეყოლა. სასურველი იყო, პირადად მისგან გაეგო და არა, სხვებისგან. თუმცა უფროსები ხმას არ იღებდნენ და ბავშვებმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ. კუსუ ძალიან კარგად შეეგუა ბიძაშვილებსა დ დეიდაშვილებს და არა ერთხელ აღნიშნა, რომ ასე მგონია მართლა ჩემი სისხლი და ხორცი ხართო.
- დედა ხომ კარგად არის? - კვლავ შეაპარა კითხვა კუსუმ.
პასუხად ლარამ გაუღიმა, ტყუილის თქმა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ სიმართლეც როგორი რთული სათქმელი იყო.
კუსუმ აშკარად ყურები ჩამოყარა. ლარას გული მოეწურა და დეტექტივს მაკასთან დაკავშირება სთხოვა. ბიჭმა ძლიერ გაიხარა, როგორც იქნა დედასთან გასაუბრება შესძლო.
- თურმე, როგორი დაკავებული ყოფილა. - დანანებით აღნიშნა კუსუმ.
- საკმაოდ დიდი ცვლილებებია ჩვენს სამშობიარო სახლში და სხვა სახლებშიც. - უხსნიდა ლარა. - ახალ ტექნიკურ სისტემებს აყენებენ და არიან ერთ ამბავში. თანაც, უამრავი ხალხი დაიძრა უცხოეთისკენ, ბევრმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური და ახლების მიღება კი საკმაოდ რთული პროცესია. სანამ გადაამოწმებ კარგად, თუ როგორ მუშაობს და რამდენად ნასწავლია და ასე შემდეგ. საქმეები, ისედაც თავზე საყრელი იყო და ახლა მით უმეტეს, არც მიკვირს, რომ მაკა დასარეკადაც ვერ იცლის.
- ჰო, მესმის. თანაც, იქ რომ დილაა, აქ უკვე ლამის საღამოა.
- თუნდაც. - კვერი დაუკრა ლარამ.
სამშობიარო სახლში კი მართლაც ჩოჩქოლი იდგა. უკვე ექთანიც და ელზაც იყო აყვანილი და სულ მოკლე ხანში სხვა დანარჩენი ბოროტმოქმედთან ერთად დინაც მიაყოლეს.
მაკა მაინც გამოძრომას ცდილობდა, თუმცა მშვენივრად იცოდა, ვერც იმდენად სუფთად დაიძვრენდა თავს, მაგრამ დიდი ფულის წყალობით, რაღაც შეღავათების იმედი მაინც ჰქონდა. ჯერ თავიდან ეგონა, რომ კონკრეტულად მას ებრძოდნენ, თუმცა მოგვიანებით ის აზრიც დაუშვა, რომ სავსებით შესაძლოა, ასეთი გზით სამართალდამცავებს ფულის გაკეთების დიდი შანსი მიეცათ, თანაც საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული სამშობიარო სახლით დაიწყეს და ალბათ, დროთა განმავლობაში, სხვებსაც მიადგებოდნენ. მანამდე კი, როგორმე მერაბს ისე უნდა დაკავშირებოდა, რომ ზედმეტი ეჭვი არ გამოეწვია და ამას ისევ ლარას წყალობით თუ შესძლებდა. მისი დახმარების იმედი ჰქონდა. თუმცა, რა იცოდა, რომ...
ლარას ბინის ჩხრეკაში, დეტექტივიც მონაწილეობდა და რადგან მთლიანი ბინა მაინც თვალთვალის ქვეშ იყო, თავიდან მხოლოდ ზედაპირულად გადაავლეს თვალი და ისე დალუქეს. რაც შეეხებოდა კამერის ჩანაწერებს, ორი დღის შემდეგ ავტომატურად იშლებოდა და ზემოდან ახალი ჩანაწერით იფარებოდა. ლარას ბინასაც, დეტექტივის ჩარევით, მეორე დღესვე ახსენეს ლუქი. ისედაც ვერაფერი საეჭვო იქ ვერ აღმოაჩინეს.
- კი მაგრამ, ეგ როგორ ვერც ერთმა ვერ გავტვინეთ?! - საშინლად ბრაზობდა ლარას მამა.
- უკვე მეორე დილითვე იყო მაკას დაპატიმრების ბრძანება გაცემული და ბინის კამერებს ნაკლებად მივაქციე ყურადღება, რადგან გარეთაც იყო თვალთვალი, მასთან ნამდვილად დინას მეტი არავინ მისულა. - დამნაშავესავით იწურებოდა დეტექტივი.
- ჰო, მაგრამ ჩვენ?! - არ ცხრებოდა მამა. - ჩვენ მაინც ხომ უნდა მიგვექცია ყურადღება?! შენ გარეთ მაინც იყავი ჩასაფრებული. - მიმართა დეტექტივს და მერე შვილს გახედა. - და ეს ჩემი პირმშო, რას მიკეთებდა, ნეტავ? გეძინა, არა?!
- აღარ არის საჭიროო და რა ვიცი?! - მხრები აიჩეჩა ლარას ძმამ. - დილით უკვე ვაპატიმრებთო და აღარც დილამდე თვალთვალში გავათენე. თანაც ისედაც იწერებოდა ყველაფერი.
- ჰო, როგორც იწერებოდა, ასევე იშლებოდა! - არ ცხრებოდა ლარას მამა. - ჩემი ბრალია, ჩემი! უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა.
- რა იყო? რა გაღრიალებს?! - შემოესწრო ლარას დედა. - კიდევ, რამე მოხდა?
- ფულის დასტით სავსე დიპლომატი, გაქრა ლარას ბინიდან. - მიუგო ძმამ.
- და ვინ გაიტანა? - იკითხა დედამ.
- მაკას პირადი ჩხრეკისას ხურდაც კი არ აღმოაჩნდა. - მიუგო დეტექტივმა. - არც მის ნივთებში იყო დიდი თანხა, ძალიან მცირედი თუ ქონდა. რაც შეეხება ბინა თავიდან ცოტა მსუბუქად გადაიქექა, კარადები, უჯრები, სათავსოები, თუმცა ის დიდი ფული, არსად იყო.
- მაშინ, ახლა უფრო კარგად უნდა გადაიქექოს ის ბინა! - დაასკვნა დედამ.
- გადავქექეთ უკვე! - წყენით მიუგო ძმამ.
- ესე იგი, მაკამ მოასწრო და დაპატიმრების წინა ღამეს ვიღაცას გადასცა ჩანთა? - კვლავ ჩაეკითხა დედა.
- ნამდვილად არავინ ყოფილა მასთან. - მიუგო დეტექტივმა.
- ესე იგი, არც არავინ მისულა და არც მაკა არ გათრეულა არსად და აბა, სად გააქრო? - ახლა მამა ჩაერთო. - მართლა ფანჯრიდან ხომ არ გადააგდო!
- გამორიცხულია ეგ რომ არ შეგვემჩნია. - მიუგო დეტექტივმა. - თვალთვალი გარედანაც იყო და ეგ ნამდვილად არავის გამორჩებოდა.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მამამ. - კამერები ყველა ოთახში იყო და არც იმდენად მომცრო დიპლომატი თვალსა და ხელს შუა გაქრა.
- წესით ისევ სახლში უნდა იყოს, მაგრამ სად დამალა? - ჩაფიქრებული ხმით ჩაურთო დეტექტივმა. - აივანზეც ვნახეთ, სააბაზანო ხომ სულ გადავჩხრიკეთ. საწოლები, ლეიბები, თაროები... თუ გინდათ კიდევ ერთხელ გადავჩხრიკავ! ნამდვილად არ მეზარება.
- მე და შენ წავიდეთ! - შესთავაზა დედამ. - თქვენ კი კამერით გვადევნეთ თვალი! - ბრძანების კილოთი მიმართა ქმარ-შვილს.
- კი ბატონო. - ღიმილით მიუგო ქმარმა.
ლარას დედამ და დეტექტივმა სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული გადაქექეს, მაგრამ მაინც ვერაფერი იპოვნეს.
- ისე, ბოლოს როდის დაუნახეთ ის დიპლომატი? - იკითხა დედამ.
- ელზას და იმ ექთანს რომ შეახედა, თითო დასტაც იმ ჩემოდნიდან მისცა და მის მერე, რაღაც თითქოს აღარც მომიკრავს თვალი. მანამდეც იქვე ედო მაგიდაზე და მერე თუ სად შეინახა ან როდის, არაფერი ვიცი. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა.
- ზუსტად, რა ადგილას იჯდა? - დედამ სკამებს მოავლო თვალი.
- მგონი... აქ... არა, აქ! კი, ზუსტად ამ სკამზე იჯდა, რადგან კამერა ამ კუთხით უყურებდა.
დედამ მაგიდას მოავლო თვალი, მერე უფრო შორს გადგა და ისე გახედა.
- თითქოს უფრო პატარა ჩანდა. - დედამ დეტექტივს გადახედა. - თუ კამერიდან იყო ასე?
- რა ვიცი... - ჩაფიქრებული ხმით მიუგო დეტექტივმა. - მგონი, ასე რეალში მაგიდა უფრო მოგრძო ჩანს, თუმცა წესით კამერის ფონზე უნდა იყოს უფრო წაგრძელებული ფორმით.
დედა მაგიდას მიუახლოვდა, სკამი გამოწია დაჯდა და ორივე ხელები მაგიდას გადაუსვა.
- მაგიდის ქვეშაც შევიხედეთ. - თითქოს თავს იმართლებდა დეტექტივი.
- აშკარად დაგრძელებულია. - თქვა დედამ. - უფრო მეტი ოვალური ფორმა აქვს და სუფრა ხომ არ გაშალა ნეტავ?
- არა, ნამდვილად არავისთვის უშლია სუფრები.
დედამ მაგიდის კიდეს მოუსვა ხელი, მერე ქვეშიდან უფათურა. მაგიდის ქვეშაც შეძვრა და მოულოდნელად დიპლომატიც გამოაძვრინა.
- არადა, მე თვითონ შევიხედე მაგიდის ქვეშ, ნამდვილად არაფერი იდო და არც არაფერი იყო მიკრული. - დეტექტივი აწურული შეჰყურებდა.
- აი, მაგიტომაც ვამბობდი! - დედა გამარჯვებას ზეიმობდა. - მაგიდა აშკარად დაგრძელებული ყოფილა, ასე მხოლოდ სტუმრებისთვის შლიან!
- ჰომ მაგრამ, მაგიდის ქვეშ ნამდვილად არაფერი ყოფილა. - მხრებს იჩეჩდა დეტექტივი.
- აი, საქმეც მაგაშია! მაგიდა დაგრძელდა დამატებითი ფიცარი ამოიწია ზემო და მის ადგილას, სადაც შესაცურებელი ნიშა რჩება და ზუსტად შუა ნაწილში, საყრდენის თავზე შეუჩურთია და ქვემოდან რომ შეხედეთ, სწორედაც რომ საყრდენს უფრო გავდა ის რაც ჩანდა, ვიდრე დიპლომატს!
დეტექტივი გაოგნებული უქნევდა თავს. მერე ნანატრი ნივთი ფრთხილად ჩადო პაკეტში.
- ანაბეჭდების აღებაც მოგვიტანს, იმედია რამეს.
- ნუ, ერთი მაკასი იქნება და ერთიც ჩემი. - მხრები აიჩეჩა დედამ.
- და ერთიც იმის, ვინც მოიტანა. - ღიმილით დაურთო დეტექტივმა. - შეიძლება, კიდევ სხვებისაც იყოს.
- ჰო, მაგრამ ამხელა თანხას რომ გასცემს, ის ვიღაც, ალბათ სერიოზული მიზეზიც ნაფიქრი ექნება.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დაკითხვაზე მოგვიწევს მისი დაბარება და დარწმუნებული ვარ, კარგი დღე არ დაადგება.
- ჰმ. წარმომიდგენია, როგორ გაიწურება და შიშისგან ვინ იცის, რას არ იტყვის. - ჩაეღიმა დედას.
- ვნახოთ. შესაძლებელია, შიშისგან სწორედაც, რომ არც არაფერი თქვას.
***
მერაბი დაცვარულ შუბლს წამდაუწუმ იწმენდდა. ისედაც სახეწამოჭარხლებული იერი ჰქონდა და ახლა სულ მთლად გავარვარებული, სიმწრის ოფლში ცურავდა.
ხუმრობა სულაც არ იყო, ამხელა თანხის, ასე გაქრობა.
მაკას ბინა, მხოლოდ მისი ხელწერილით შეიძინა და არც არავინ სხვა მოწმე იყო იქ. ქალიშვილს სამზითვოდ უმზადებდა ასეთ საჩუქარს. არასდროს ყოფილა მაკას ბინაში. უბანი შესანიშნავი იყო. ქალაქის ცენტრში და არც ქუჩის ზედმეტ ხმაურს უნდა შეეწუხებინა. როგორც მაკამ უთხრა, საკმაოდ ძვირად ღირებულ ანტიკვარული ავეჯით დატვირთულ ბინას, თან მანქანის სადგომიც მოჰყვებოდა ბონუსად. მშვენიერი იყო, თუმცა მართალია, საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან ეს არამარტო ბინის ფული იყო და მაინც აწყობდა მერაბს. ამხელა თანხას თავისუფლად ვერსად გამოაჩენდა და ასე სხვისი შვილებით ვაჭრობის ბინძურ ფულიც ადვილად გათეთრდებოდა. მაკამ მხოლოდ ერთი თვე ითხოვა, ბინის დასაცლელად, თუმცა ავეჯის დიდ ნაწილს მაინც ტოვებდა. უკვე მეორე თვე იწურებოდა და მაკასგან არანაირი ზარი და შეტყობინება არ იყო და ვერც მერაბი ბედავდა დარეკვას. ისიც კი გაიგო, რომ სამსახურშიც დიდი ხანია არ გამოჩენილაო. იცოდა გასაღები მეზობელთან უნდა ყოფილიყო დატოვებული და ამიტომ ბევრიც აღარ უფიქრია, თამამად მიადგა მაკას კარს, თან ინტერესიც ჰკლავდა, თუ როგორი ბინა დახვდებოდა.
მერაბს მაკას უზადო გემოვნების იმედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, მაკას კარგად მოვლილი ბინა ექნებოდა, მაგრამ მაინც უნდოდა, ჯერ თავად გადაეხედა. იქნებ, რამის შეცვლაც იქნებოდა საჭირო და როცა ბინის კარს მიადგა და პოლიციისგან დალუქული რომ დახვდა, კინაღამ ინფარქტმა დაარტყა. ძლივს მილასლასდა მანქანამდე, კარი გამოაღო და გვერდულად ჩამოჯდა. მთელი ბოთლი წყალი სულმოუთქმელად გამოცალა და დარჩენილი წვეთები თავზე დაიპკურა.
- ცუდად ხომ არ ხართ?
- ააა, არა... არა... - ძლივს წაილუღლუღა ბოღმისგან გამსკდარმა მერაბმა. ახლა მაკა რომ დაენახა, ალბათ შუაზე გაგლეჯდა. საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი, ასე ბრიყვივით ამხელა ფული როგორ აახიეს და ვერც პოლიციაში წავიდოდა და ვერც ვერავის შესჩივლებდა დასახმარებლად.
მერებმა მაკას შესახებ, არაფერი იცოდა და ბინის დალუქვის მიზეზად, სავარაუდოდ ბანკის პრობლემებზე გაიფიქრა. მაკამ ბინა იპოთეკით დატვირთა და მერაბის ფულიც გააქრო. ახლა ალბათ ისევ იმ ბინაში იმალება, თუმცა მაშინვე უთხრა მერაბს, რომ ერთი თვით ვიქირავეო. დარწმუნებული იყო, იქ რომ მიეკითხა, აღარც იქ დახვდებოდა. შვილი უცხოეთში გაუშვა და ალბათ თავადაც იქ გაიძურწაო. ამას ფიქრობდა მერაბი. ალბათ კიდევ ერთი იმდენის ჩადება მოუწევდა ბინის კვლავ დასათრევად, პრინციპის საკითხი იყო, რადაც არ უნდა დაჯოდმოდა, მაკას ბინა მაინც უნდოდა ხელში ჩაეგდო.
მაკას ბინა ჯერ კიდევ თვალთვალის ქვეშ იყო, თუმცა მერაბის გარდა არავინ მისულა.
- ჩვენი მეზობელი არ უნდა იყოთ, ალბათ ვინმესთან სტუმრად მოხვედით და სახლში არ დაგხვდათ.
- დიახ. - მიუგო მერაბმა უცნობ ქალს, რომელსაც აშკარად ჩანდა ენა ექავებოდა საქაქანოდ. სინამდვილეში კი, ჩასაფრებული თანამშრომელი იყო და ძალიან კარგადაც იცოდა მერაბი ვინც იყო და ვისთანაც მოვიდა.
- დაა, უკაცრავად და ვისთან იყავით? მე კორპუსის თავჯდომარე ვარ და ვინ როდის მოდის და მიდის, ისიც კი ვიცი. - კეკლუცად გაუღიმა ქალმა.
მერაბმა იფიქრა ეს არ მომეშვებაო და მაშინვე მიუგო, თუ ვისაც ესტუმრა.
- მაკა? - რაღაც თითქოს ცინიკურად აღნიშნა ქალმა. - მაკა რა ხანია დააპატიმრეს. ლამის ორი თვეა უკვე.
მერაბი ლამის ადგილზე მოკვდა. სულ მკვდრის ფერი დაედო. მოსაუბრე კი თითქოს ვერც ამჩნევდა ისე განაგრძო:
- თურმე ჩვილებს პარავდა დედებს და მდიდრებზე ჰყიდდა. - თითქოს საიდუმლოდ, დაბალ ხმაზე გადაუჩურჩულა მერაბს უცნობმა მერე მოუბოდიშა და იქაურობა დატოვა.
იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. მერაბს ათასი აზრი უტრიალებდა თავსი. მასაც რომ მოადგნენ? ალბათ, მაკას ვიღაცამ უჩივლაო, თავის დასამშვიდებლად, ესეც კი გაიფიქრა.
„რაღა ვქნა?.. რაღა ვქნა...“
მაკას ბინა სიურპრიზად უნდოდა შვილისთვის და მეუღლემ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა და კარგადაც გამოლანძღავდა ასეთი სულელური ქცევა, რომ გაეგო მისგან. ერთი უბრალო, რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე დაწერილი შეთანხმების საფუძველზე მთელი დიპლომატი დოლარები ჩაახუტა მაკას და ერთი მოწმეც კი არ ჰყავდა. ჯერ ცალკე ეს უკლავდა გულს მერაბს და მერე კი მაკას დაპატიმრების ამბავმა, ხომ სულ გამოაცალა ძირი. იქნებ, არც მას მოუწევდა კარგი დღე?..
***
ზამთრის არდადეგებიც მალე დადგებოდა და კუსუმ ჯერ კიდევ არ იცოდა, დედა მასთან ჩავიდოდა, თუ თავად უნდა ჩამოსულიყო. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ დაურეკა დედამ და მერე რამდენჯერაც თავად დარეკა, იმდენჯერ მობილური სულ გამორთული ჰქონდა მაკას და არც სახლის ტელეფონზე პასუხობდა. ახლა კუსუმ მართლა საშინლად მოიწყინა. ლარას გული ეკუმშებოდა, როგორ უნდა ენუგეშებინა ბავშვი, არც კი იცოდა. რამდენად მიიღებდა სიმართლეს და რამდენად შეეგუებოდა ამას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მაგრამ უკვე დრო იყო, ლარას სიმართლე გაემხილა ბიჭისთვის.
ათას რამეს ფიქრობდა ლარა. კუსუ სადმე სანახაობაზე დაეპატიჟებინა და იქ მოეყოლა, ან თუნდაც რომელიმე ფილმის სანახავად წასულიყვნენ ერთად. ბოლოს კი მუზეუმის დათვალიერება გადაწყვიტა, შედარებით მშვიდ გარემოში უნდა აეხსნა ბიჭისთვის ყველაფერი. თუმცა, აბა მაინც როგორი სათქმელი იყო?
კუსუ გაოგნებული ისმენდა, თუ როგორ ატყუებდნენ მშობლებს და როგორ პარავდნენ შვილებს. ათასი კითხვა გაუჩნდა და ლარაც, შეძლებისდაგვარად პასუხობდა.
- აი, შენ და დათი, რომ დაქორწინდებით და შვილი გეყოლებათ, ვერავინ გაბედავს მის მოპარვას! - დააიმედა კუსუმ - თუმცა, დედაჩემიც თავზე დაგადგებათ, მაკას აბა მართლა ვინ გაუბედავს რამეს.
პასუხად ლარამ გაუღიმა. აბა იმას ხომ არ ეტყოდა, რომ მაკა იყო ერთ-ერთი მოთავე ამდენი გაუბედურებული ხალხისაო.
- და მართლა! რატომ არ ქორწინდებით? - ჩაეკითხა კუსუ. - ამდენი ხანია შეყვარებულები ხართ და არც არაფერი გიშლით ხელს.
- აჰამ და ესე იგი, ეს ბიჭი, ჭკუასაც მარიგებს, არა? - გაეცინა ლარას.
- დათის მართლა ძალიან უყვარხარ და მართლა ძალიან კარგი ბიჭია.
- გასაგებიააა...
- რა არის, გასაგები? - კვლავ ჩაეკითხა კუსუ.
- ის არის, რომ მაჭანკლობ და გამოდის, რომ ჩემს ზურგს უკან, ჩემზე ჭორაობთ. - ეცინებოდა ლარას. - და რაო, რა გითხრა? საქმე ჩამიწყვეო?
- არაფერი უთქვამს. - წამოჭარხლდა კუსუ. - თუმცა, სულ შენ გაქებს და როგორც კი დაგინახავს მაშინვე სახეზე აწერია ყველაფერი და იმასაც კი ვხედავ, რომ შენც მოგწონს მის გვერდით და რატომ იკავებ თავს?
- იცი, ვიყავი ადრე გათხოვილი. ძალიან ადრე, დიდი ხნის წინ.
- მერე? - დაინტერესდა კუსუ.
- მერე, არ გამოგვივიდა ერთად ცხოვრება.
- ალბათ, ერთმანეთისთვის არ იყავით შექმნილი.
- ალბათ. - კუსუს სიტყვებზე ლარას გულიანად გაეცინა,
- მერე? ეგ ხომ არ ნიშნავს, იმას რომ საერთოდ ხელი ჩაიქნიო ცხოვრებაზე.
- ჰმ, გამოცდილი ბიჭი. - ლარად კვლავ გაეცინა.
- დიდი ამბავი თუ ადრეც იყავი გათხოვილი და მერე რა? შვილები ხომ არ გყავდათ.
ლარამ უხმოდ დაუქნია თავი და ამოიხვნეშა. წამით დუმილიც ჩამოვარდა. კუსუ მიხვდა, რომ საკმაოდ მტკივნეულ თემას შეეხო, თუმცა ვერაფერი მოიფიქრა სანუგეშოდ და ისევ ლარამ დაიწყო:
- ლამაზი ბიჭი გვეყოლა, ისეთი დახატული და... - ლარა გაჩუმდა.
- და?.. - ვეღარ მოითმინა კუსუმ.
- სამი თვის იყო, როცა ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე ავიყვანეთ და ბებიას გულზე დავკრძალეთ.
- მაპატიე... - კუსუს თვალები აევსო. - ასეთი მძიმე ამბავი, რომ გაგახსენე.
- საპატიებელი შენ არაფერი გაქვს. - მიეალერსა ლარა. - პირიქით, შენ მაპატიე, რომ... რომ... ასე... - ლარა გაჩუმდა.
უკვე დრო იყო გაემხილა ბიჭისთვის სიმართლე, მაგრამ სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს.
- გინდა, რომ ჩავალთ, ერთად მოვინახულოთ მისი საფლავი? - კუსუ, ლარას მოწყენილობის გაფანტვას შეეცადა. - დიდ ლამაზ თაიგულს შევარჩევ და ბევრი სანთლები დავუნთოთ!
ლარამ ღიმილით გამოხედა.
- დიდი თეთრი ვარდები სჯობს, ხომ? - განაგრძო კუსუმ. - რადგან წითელი ვარდები შეყვარებულებისთვის არის უფრო, არა?
- ჰო, იყოს დიდი თეთრი ვარდები, პატარა გოგონასთვის. - ნაღვლიანად მიუგო ლარამ. - სულ პატარა, უცნობი გოგონასთვის.
- გოგო იყო? - გაიკვირვა კუსუმ, თუმცა წუთის წინ თითქოს ბიჭი ახსენა ლარამ და ალბათ მე კარგად ვერ გავიგეო, უმალ გაივლო ბიჭმა და ისევ განაგრძო. - და ალბათ იმიტომ გამოდის უცნობი გოგონა, რომ წესიერად მისი გაცნობაც ვერ მოასწარი.
- არა, ჩემი შვილი ბიჭი იყო. - მიუგო ლარამ. - ბიჭი შემეძინა.
- აბა, გოგო?
- ჰო, გავაჩინე ძალიან, ძალიან ლამაზი ბიჭი და მთელი ამდენი თვე გვატყუებდნენ ცუდად არისო, მერე გარდაცვლილი გოგონა გამოგვატანეს.
- ვერაფერი გავიგე. - მხრები აიჩეჩა კუსუმ.
- ჩემი ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭი, სხვისი გარდაცვლილი გოგონათი ისე შეგვიცვალეს, რომ არავის შეჰპარვია ეჭვი, ისე დავასაფლავეთ და წლების მანძილზე დავტიროდი.
- რა საშინელებაა?! რა უბედურებაა?! - აღმოხდა კუსუს. - მერე, შენი შვილი? სად არის? სად წაიყვანეს? იპოვე?
- კი, ვიპოვნე ჩემი შვილი, ახლა უკვე დიდი ბიჭია.
- მერე? არ გაუხარდა?
- არც კი იცის, რომ დედამისი ვარ. - ამოიხვნეშა ლარამ.
- და რატომ არ უთხარი? იქნებ, მასაც ჰგონია, რომ დედამ მიატოვა?! ან გაყიდა!
- ის ბიჭი, ფუფუნებაში გაიზარდა, ცივ ნიავს არ აკარებდა გამზრდელი დედა, რომელიც ძალიან უყვარს და არც კი იცის, რომ სინამდვილეში სხვისი შვილია. მე კი, ისიც კი არ ვიცი, თუ როგორ მიიღებს ამ ამბავს ის ბიჭი.
- გინდა, მე დაველაპარაკები?! - შესთავაზა კუსუმ. - რამდენი წლის არის?
- ცხრა ნოემბერს ცხრამეტი წლის ხდება.
- ესე იგი, დღეს! - წამოიძახა კუსუმ. - დღეს მისი დაბადების დღეა?!
- ჰო. - ამოიხვნეშა ლარამ. - დღეს მისი დაბადების დღეა და არც კი იცის.
- თითქმის ჩემი ტოლი ყოფილა! მხოლოდ მე მაისში გავხდები ცხრამეტის!
პასუხად ლარამ თბილად გაუღიმა. ვერადავერ ახერხებდა სიმართლის თქმას.
- გინდა, ერთად მივულოცოთ?! - კუსუმ ლარას გამხიარულება სცადა.
- ჰმ. - ლარას ახლა უფრო მეტად გაეღიმა. - მე და შენ აღვნიშნოთ იმ ბიჭის დაბადების დღე, ვინც არც კი იცის, სინამდვილეში სიმართლე.
- ჰოდა, მივულოცოთ და ვუთხრათ!
- ძალიან რთული სათქმელია. - ლარამ ამოიხვნეშა.
- ვითომ, რატომ? - გაიკვირვა კუსუმ.
- აბა, ახლა შენ რომ გითხრან მაკა დედაშენი არ არის და მოპარული ბავშვი ხარო, როგორ მიიღებ ამ ამბავს, ისე რომ... ისე, რომ... - ლარას ხმა გაებზარა.
კუსუ წამით ჩაფიქრდა, ათასი რამ წარმოიდგინა. რამდენჯერმე თავი, უხმოდ გააქნია.
- არა, არა! - კვლავ თავი გააქნია კუსუმ. - ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ მაკამ მომიპარა.
- აი, ხედავ? - ცალყბად გაუღიმა ლარამ. - როგორ შეიძლება დაარწმუნო ცხრამეტი წლის, უკვე ზრდასრული ბიჭი, რომ მოსიყვარულე დედამ, თავის დროზე ბიოლოგიურ დედას მოპარა ჩვილი.
- ჰო, რთულია. - თავი დაუქნია კუსუმ. - ასე უცებაც, ვერ მიიღებს, უნდა ნელ-ნელა აუხსნა.
- და გამიგებს?
- წესით კი. თუმცა...
- თუმცა? შენც ხომ ვერ წარმოიდგინე შენს თავზე?
- ჰოდა, მაგას ვამბობ. - მედგრად მიუგო კუსუმ. - რთული წარმოსადგენია და ძნელი მისაღები, მაგრამ დაწვრილებით რომ გაიგებს სიმართლეს, დროთა განმავლობაში წესით უნდა გაანალიზოს და...
- და ჩემთან, მოვა თუ ისევ იმ დედასთან დარჩება? შენ როგორ ფიქრობ? შენ, როგორ მოიქცეოდი?
- არ ვიცი... - მოწყენილად აიჩეჩა მხრები კუსუმ. - მართლა ვერ წარმომიდგენია.
- მეც არ ვიცი, რა უნდა ვქნა. - ამოიხვნეშა ლარამ. - არ მინდა გული ვატკინო და არც ის მინდა კვლავ ტყუილში იცხოვროს. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ სიმართლე მაინც ვერ გავუმხილე.
- ესე იგი, ახლოს იცნობ? იცი, ვინც არის?! - გაკვირვებით იკითხა კუსუმ.
- კი ვიცნობ. ბევრი რამის გაკეთება მომიწია, იმისთვის რომ ახლოს გამეცნო.
- და იქნებ, სულაც არ არის შენი შვილი? ან როგორ გაიგე?
- წეღან სწორედ ამას გიყვებოდი. - ლარამ წამით იყუჩა. - დათი, მაშინ გავიცანი, როცა სწორედ ასეთ ამბებს იძიებდა. მეც დავინტერესდი, მერე ათასი ეჭვი გამიჩნდა, ღამეები არ მეძინა. დათი დამეხმარა და უამრავი საბუთები ამოვქექეთ, გამოვიძიეთ და როდესაც ყველაფრის გადამოწმება დავიწყეთ აღმოჩნდა, რომ ბიჭის მაგივრად, ვიღაც პატარა გოგონა დაგვიკრძალავს.
კუსუმ გაკვირვებისგან წარბები აზიდა.
- ასე იყო, ხოლმე ხშირად არ ატანდნენ მიცვალებულ ჩვილს. - განაგრძო ლარამ. - სანამ ოჯახი ერთ ამბავს არ ატეხდა და იძულებულნი იყვნენ გაეტანებინათ.
- და რატომ? რატომ იტოვებდნენ?
- აი იმიტომ, თუნდაც ჩემს შემთხვევაში. - ლარამ ამოიხვნეშა. - მე ჯანმრთელი შვილი მომპარეს, გაყიდეს და ასე სხვისი ჩვილით ჩამინაცვლეს. აზრად არავის მოგვსვლია, რომ შეგვემოწმებინა, მართლაც რას წარმოვიდგენდით, რომ... - ლარამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოსცვივდა.
- არ იტირო, რაა, გთხოვ. - საშინლად წუხდა კუსუ. - თავადაც არ იცოდა, თუ რატომ იზიდავდა ასე ეს ახალგაზრდა ქალი. ძალიან ლამაზი და შეძლებული გოგო, თურმე სინამდვილეში როგორი გაუბედურებული ყოფილაო, ფიქრობდა.
- ოღონდ შენ ნუ დაღონდები ჩემი გულისთვის და გპირდები, აღარ ვიტირებ. - ლარამ მზრუნველად თავზე გადაუსვა ხელი, დამწუხრებულ ბიჭს.
- და ჩემთან იმიტომ დამეგობრდი ასე, რომ შენს შვილს გაგონებ?
- დაახლოებით ასეა. ბევრჯერ წარმოვიდგინე, თუ რას ვეტყოდით ერთმანეთს, როცა ისე შევხვდებოდით, როგორც დედა-შვილი.
- შენ კარგი ადამიანი ხარ და რატომ არ უნდა მოეწონო იმ ბიჭს? პირიქით გაუხარდება კიდევაც, რომ ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა დედიკო ჰყავს.
- შენ? შენ თუ გაგიხარდებოდა?
- მე? - კუსუმ ღიმილით აიჩეჩა მხრები. - მე ძალიან კარგი დედიკო მყავს და თუ გავიგებდი, რომ ნაშვილები ვარ... - კუსუ წამით ჩაფიქრდა. - სიმართლე გითხრა, არ ვიცი... ჰმ, ისე ორი ყველაზე საუკეთესო დედიკო მეყოლებოდა. - დაასრულა სიცილით კუსუმ.
პასუხად ლარამ ნაღვლიანად გაუღიმა.
- წამოდი ახლა ტორტი და სანთლები ვიყიდოთ! - კუსუ წამოდგა. - მხოლოდ თუ არ გეწყინება, მე შევარჩევ ტორტს!
- არ მეწყინება. - გაუღიმა ლარამ. - მხოლოდ მე ვიყიდი, შენ თუ არ გეწყინება, რადგან დედა მაინც მე ვარ.
- არ მეწყინება. - გაეცინა კუსუს.
შინ დიდი ტორტით დაბრუდნენ. ლარას დის ოჯახი გაკვირვებული იყო, ამხელა ტორტს ვინ მოერევაო, თუმცა არც იმდენად ცოტანი იყვნენ. თითქოს წინასწარ იცოდნენო უმალ დიდი სუფრაც გაიშალა. ყველაზე მეტად კუსუს უხაროდა და ტორტის შემოტანის უფლებაც მოიპოვა.
- რადგან ასეა. - ღიმილით მიუგო ლარამ. - ვინც ტორტს შემოიტანს, მანვე ჩააქროს სანთლები.
კუსუმ ჯერ იუარა, თუმცა ყველამ ლარას წინადადებას დაუჭირა მხარი და ისიც ღიმილით დათანახმდა.
სადღესასწაულო ვახშამმა საკმაოდ მხიარულად ჩაიარა და ახლა უკვე ტორტის შემოტანის დროც დადგა. კუსუს თხოვნით ყველანი ოთახში უნდა დარჩენილიყვნენ როგორც კი დაბადების დღის სიმღერას დასცხებდნენ ამ ფონზე თავად შემოიტანდა სანთლებ ანთებულ ტორტს და მერე თავადაც ჩააქრობდა.
ასეც მოხდა, ირგვლივ გილოცავ, გილოცავ გაისმოდა, თუმცა ვის კონკრეტულად ულოცავდნენ კუსუმ არც კი იცოდა, რადგან მას ხვდა წილად, იუბილარის როლში ყოფნა, სურვილიც ჩაიფიქრა და სანთლებიც ჩააქრო.
- აბა, სიჩუმე! - მოულოდნელად ლარას დამ ბრძანებასავით დასჭექა. - იუბილარის დედას სურს შვილი ადღეგრძელოს!
ყველა გაიტრუნა და ლარას მიაჩერდა. ლარამ შამპანურიანი ჭიქა წამოსწია, ყველას თვალი მოავლო და მზერა კუსუზე შეაჩერა, რომელიც ჯერ კიდევ ოთახის შუაგულში, დიდი ტორტით ხელში გაღიმებული იდგა.
- დაბადების დღეს გილოცავ, შვილო! დღეს შენ ცხრამეტი წლის გახდი!
LEX. 2026 წლის 30 მაისი, შაბათი.
https://lexartstudio.blogspot.com/2026/05/52.html