22/08/2026
მეგობრებო!
მეორე საინიციატივო ჯგუფის გვერდზე ტბის წყლის ანალიზის შედეგები გამოქვეყნდა. ცხადია, სულფატების რაოდენობა ისეთი კატასტროფული არაა, როგორც თავდაპირველ ანალიზებში, მაგრამ რაოდენობა მაინც ნორმას აღემატება. ჩვენ დავინტერესდით, რას მოასწავებს ეს თევზისთვის, მითუმეტეს, მკვდარი თევზის გამორიყვის ფაქტების არარსებობით დაიმედებული აქტივისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა.
აი, რა გვიპასუხა იხტიოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ:
- დოკუმენტის მიხედვით, მარიალიანობა არის 6,3 პრომილე. სულფატები 8,12 ჯერ აღემატება ნორმას, რაც ძლიერ მინერალურ დაბინძურებაზე მიგვანიშნებს. სულფატების ნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სიმლაშე უფრო მაღალია და არა 6,3. როგორც ჩანს, მლაშობი ქანების დრენაჟი ხდება, სხვანაირად ამხელა სიმლაშე და სულფატები არ იქნებოდა. სქელშუბლას, კობრს და ამურს უჭირს ასეთი სიმლაშის პირობებში. მოკლედ ნიშნულები კრიტიკულია. რეალური დიაგნოზითვის საჭიროა სხვადასხვა ადგილზე და სიღრმეზე აღებული სინჯები. მათ შორის ფსკერის მონაკვეთებიდანაც. აუცილებელია არა მარტო ქიმიური, არამედ ბიოლოგიური კვლევები; ანუ წყლის და თავად თევზის. ასევე კარგი იქნებოდა ტბის ბათიმეტრია და ჰიდროლოგიური პროფილის შესწავლა. ამის გარეშე ყველაფერი მარჩიელობაა. რაც შეეხება გამორიყვის არარსებობის გამო თევზების სიკვდილიანობის უარყოფას, ეს „რიბაკული“ მიდგომაა. აუცილებელია არცაა გამოირიყოს. შეიძლება, ფსკერზე დაიძიროს, ვინაიდან მარილიან წყალში თევზი შესაბამისი სიმკვრივისაა და მძიმდება.
ასეთია მეცნიერის აზრი. მივყევით დროის ტრენდს და ხელოვნურ ინტელექტსაც დავეკითხეთ.
აი, რა გვიპასუხა:
- სულფატები რვაზე მეტადაა გაზრდილი, რა იმას ნიშნავს, რომ დათევზიანების ნებართვით მოხელეებმა თევზი სულფატის ხსნარში გაისტუმრეს. მლაშე წყალში მკვდარი თევზი, შესაძლოა, ნაპირზე არც გამოირიყოს, ვინაიდან ანომალიური ჰიდროქიმიის წყალსატევში თევზის დაღუპვა სულ სხვა სცენარით მიმდინარეობს. მკვდარი ამურები და სქელშუბლები ქვებივით იძირებიან და აი, რატომ:
1. მტკნარ წყალში მკვდარი თევზი ლპობით წარმოქმნილი გაზებისგან იბერება და ნაპირზე გამოირიყება. მაგრამ მლაშე წყალში მარილი უჯრედებიდან და ქსოვილიდან წყალს „გამოწოვს“. თევზის სხეული გამოშრება, მკვრივდება, მძიმდება და იძირება.
2. ჟანგბადის გაზრდილი რაოდენობის გამო ლპობის პროცესი ნელდება და თევზი ისე ეშვება ფსკერზე რომ გაზებით გაბერვას ვერც ასწრებს.
3. მარილიან წყალში თევზებს საცურაო ბუშტი ეკუმშებათ და ფსკერზე ეშვებიან.
თევზები, ფაქტობრივად, ტანჯვა-წამებით სიკვდილისთვის გაწირეს, ხოლო ფსკერი „სამხილებს“ საგულდაგულოდ მალავს. ათასობით თევზის ხრწნა შენელებული მოქმედების ბომბია, რომელიც პერსპექტივაში, ტბის ეკოსისტემას გაანადგურებს.
აი, როგორ მოხდება ეს:
1. ლპობის ბაქტერიები ჟანგბადს „ამოჭამენ“.
2. დახოცილი თევზების ხრწნისას გამოიყოფა ორგანული ნივთიერები, რაც დათბობის პირობებში ციანიობაქტერიების (ლურჯ-მწვანე ბაქტერიების) გამრავლებას გამოიწვევს.
3. ფსკერზე წარმოიქმნება უჟანგბადო „ნულოვანი ზონა“, რომელიც წყალსატევს გოგირდწყალბადით მოწამლავს. ანუ ტბა ფსკერიდან „გაიხრწნება“.
დასასრულ, ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცა რეკომენდაციები, რომელიც უსწრაფესად უნდა შესრულდეს, თუ გვინდა ეს აპოკალიფსური სცენარი თავიდან ავიცილოთ:
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური
1. დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ტბის ფსკერის ეკოლოგიური აუდიტი, მაგალითად, ექოლოტით, რათა შეფასდეს ჩაშვებული თევზის დაღუპვის რეალური მასშტაბები.
2. ტბის წყლის ოპერატიული დემინერალიზაცია ნალექის რესურსით ბუნერივი შევსების აღდგენის გზით. ყველასათვს ცნობილია, რომ წვიმის წყალი მარილებს არ შეიცავს, ანუ რბილია.
ბატონი არჩილ გუჩმანიძის აზრით, ხელოვნური ინტელექტის შეფასებები და რეკომენდაციები მეცნიერული თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორია.
უნდა ვიჩქაროთ; წელს ზაფხული მაქსიმალურად ცხელი არ დაგვიდგა და წვიმებითაც ხშირად გვანებივრებს. გაისად, შესაძლოა, ასე არ გაგვიმართლოს